Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის რეალის ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონარიდების წაკითხვა შეგეძლებათ.
პირველი ნაწილი სერხიო რამოსი - გული, ხასიათი, გატაცება [ნაწილი 1]
სიმართლე მადრიდში ტრანსფერის შესახებ
ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, არანაირი გამოცდილება არ მქონია და არც გამარჯვებების გემო ვიცოდი. ჩემთვის რეალი სულ სხვა გალაქტიკა იყო, რაღაც მიუღწეველი. ჩემი მაშინდელი ოცნება - სევილიას პირველ გუნდში ასპარეზობა იყო. ეს გუნდი ჩემს გულში იყო. რამონ სანჩეს პისხუანზე Biris Norte-სთან (სევილიას ულტრასები) ერთად დავდიოდი. მეორე გუნდად კი დეპორტივო მყავდა, რადგან ამ ორი გუნდის ულტრასები ძალიან მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ. სწორედ ამიტომ, ბავშვობაში, ჩემს ოთახში, დეპორტივოს დროშა, ბებეოს მაისური და რივალდოს პოსტერი ეკიდა. იმ ზაფხულს ყველა გაზეთი ჩემს ტრანსფერს განიხილავდა...
აგვისტოს ბოლოს ესპანეთის ნაკრებში გამომიძახეს და მე შეკრებაზე, დაძაბულობის მოსახსნელად, სრულიად თეთრ კოსტუმში მივედი. ეს კოსტუმი ახალი შეძენილი მქონდა და როგორც აღმოჩნდა, იღბლიანიც გამოდგა, რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნაკრების შეკრებაზე სევილიას ფეხბურთელად ჩამოვედი, კლუბში კი უფრო რეალის ფეხბურთელის რანგში დავბრუნდი. თანაგუნდელებმა, ასეთი კოსტუმის დანახვისას, სიცილი ვერ შეიკავეს - ასეთი კოსტუმით, მხოლოდ ქორწილში უნდა იაროო, მეხუმრებოდნენ. ჩემს გარდა, ხოაკინიც თეთრი კოსტუმით მოვიდა და მთავარი კურიოზი კი ის აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთსა და იმავე მაღაზიაში გვიყიდია.
სევილიას პრეზიდენტთან, მისსავე ოფისში, ძალიან უცნაური საუბარი მქონდა. ტყუილების თქმა არ მიყვარს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებმა უკვე ისედაც იციან, რა მოვისმინე მაშინ პრეზიდენტისგან. მაშინ ლა ლიგაში პირველი თამაში უნდა ნათამაშები გვქონდა და პრეზენტაციის ტანსაცმლის შესარჩევად მხოლოდ ოთხი დღე მრჩებოდა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ კანტერანო სევილიაში ფულს ვერასდროს ვერ იშოვიდა, რამაც ძალიან გამაკვირვა, რადგან იმდროს ძალიან ემოციური ბავშვი ვიყავი. პასუხად ვუთხარი, რომ სევილია ასეთ დიდ კლუბად სწორედ კანტერანოების დახმარებით იქცა. რამდენიმე თვით ადრე, მათ მითხრეს, რომ ჩემით ბევრი კლუბი ინტერესდება, ამიტომ გუნდიდან წასვლისგან თავის ასარიდებლად, მრავალწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რომელზეც უარი ვთქვი. ეს იყო კონტრაქტი 10-წლიანი პირობებით, რომელიც საბოლოოდ კლუბს იმდენივეს მოუტანდა, რამდენსაც რომელიმე ვარსკვლავური ახალწვეულის კონტრაქტი. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ეს კარგი იდეაა, მაგრამ იმდროს, ჩემი მთავარი მიზანი იყო, პრეზიდენტსაც გაეგო, რომ კლუბის აღზრდილი ახალგაზრდები სათანადო დაფასებას იმსახურებენ.
საბოლოოდ, ჩემს გაყიდვაზე დაფიქრება მოუწიათ. ხალხი ყოველთვის ტრანსფერის ერთ მხარეს იმახსოვრებს და ამიტომ, კლუბს და ქომაგებს ჩემზე წყენა დარჩათ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ სევილიამ გამყიდა ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ფეხბურთელები.
თავიდან, მე პრესკონფერენციის გამართვა მსურდა, სადაც კლუბიდან წასვლის მიზეზებზე ვილაპარაკებდი და ქომაგებსაც დავემშვიდობებოდი, მაგრამ საბოლოოდ, ამ იდეაზე უარი ვთქვი.
მადრიდში ჩამოსვლა შთამბეჭდავი იყო. პრეზენტაცია, სტადიონი, გულშემატკივრები. ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მაგრამ ასეთ სანახაობას ნამდვილად არ ველოდი. იმ წუთიდან გასახდელს იმ ხალხთან ვიყოფდი, რომლებიც ჩემი კუმირები იყვნენ. რობერტო კარლოსთან, ზიდანთან, რონალდოსა და ბექჰემთან შეხვედრის წინ ძალიან ვღელავდი. რაულსა და კასილასს ნაკრებიდან ვიცნობდი და ისინი თავიდანვე ძალიან მეხმარებოდნენ.
გაგრძელება იქნება...
კომენტარები
2 დღის წინ
16 საათის წინ
20 საათის წინ
2 დღის წინ