Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის რეალის ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონარიდების წაკითხვა შეგეძლებათ.
წიგნი 2012 წელს გამოვიდა, სახელწოდებით "სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, გატაცება." მისი ავტორი ენრიკე ორტეგოა, რომელიც, რამოსის გარდა, ისეთ ფეხბურთელებს ეხმარებოდა ავტობიოგრაფიების დაწერაში, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, იკერ კასილასი, ზინედინ ზიდანი, რაული და ალფრედო დი სტეფანო არიან.
ჩემი გარემოება
ჩემი გარემოება - მთელი ჩემი ოჯახია, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში. სწორედ ამ ხალხმა მაჩუქა პროფესიონალური და პირადი სტაბილურობა. ჩემი ცხოვრების ადრეული წლების განმავლობაში, როდესაც სევილიას ახალგაზრდულ გუნდებში ვთამაშობდი, ისინი მუდამ გვერდში მედგნენ, ხოლო მაშინ, როცა მადრიდში გადმოვბარგდი, ჩემს გამო ყველაფერი მიატოვეს. არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მსგავს შემოთავაზებებს მხოლოდ იმიტომ უარყოფს, რომ გვერდით მრჩეველი და დამხმარე არ ეყოლება. ყველაზე მეტად გვერდში მამაჩემი, ხოსე მარია და ძმა რენე მედგნენ. თუმცა, ვერც ბებიას, ბაბუას, დედას და დას გამოვტოვებ. ეს ხალხი ბავშვობიდან ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. სწორედ პატარა ასაკიდან გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვარ ჩემი ოჯახისთვის.
ყოველთვის მაწუხებს, როცა ჩემ ოჯახზე უარყოფითად საუბრობენ, როცა ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება და როცა თამაშს ცუდად ვატარებ. თუმცა, ჩემი ოჯახი მუდამ ჩემს გვერდითაა და ჩემთვის იმედები არასოდეს გაუცრუებია. მათ ბევრ რამეზე თქვეს უარი ჩემი კეთილდღეობისთვის. ასე იყო სევილიაში, ასეა ახლაც. მათ ბევრი რამ მასწავლეს. მამაჩემმა ზუსტად იცოდა, როგორ დავეყენებინე ფეხზე, ამიტომ ზედმეტად არასდროს არც გავუკრიტიკებივარ და არც შევუქივარ - ყველაფერს ზომიერად აკეთებს.
ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მომენტი, როდესაც მისმა ჩარევამ გამხადა ისეთი, როგორიც დღეს ვარ. სევილიას ერთ-ერთ ჭაბუკთა გუნდში ასპარეზობისას, ხოაკინ კაპაროსმა პირველ გუნდთან ერთად ტურნეში წასასვლელად გამომიძახა. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. ყველა ვარჯიში დილით ტარდებოდა და არჩევანი არც მქონია - ან ღამის სკოლაში უნდა მევლო, ან საერთოდ დამენებებინა თავი სკოლისთვის. ძალიან დავიბენი. თუმცა, მამა ძალიან დამეხმარა. ის მიხვდა, რომ ფეხბურთს ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდი. ჩემი ძმა, რენე, ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ის ტერსერას ერთ-ერთ გუნდშიც თამაშობდა მაგრამ ფეხბურთს ისეთი სერიოზულობით არ უდგებოდა, როგორც მე. მას სხვა ინტერესები ჰქონდა და მისთვის ფეხბურთი უფრო ჰობი იყო.
ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ, სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი. იმაზე ბევრად მეტად დაღლილი, ვიდრე აქამდე. ვჭამდი, ვიძინებდი და უკვე რამდენიმე საათში კვლავ ვიღვიძებდი. სკოლაში, გაკვეთილებზე ან საშინაო დავალების კეთებისას მეძინებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რომ დიდი ფეხბურთელობისთვის 24-საათიანი შრომა იყო საჭირო. მამა მეუბნებოდა, რომ სწავლასა და ფეხბურთს შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა და თუ მეორეს ავირჩევდი, მაშინ სპორტისთვის თავი მთლიანად უნდა გადამედო.
მშობლები ძალიან ღელავდნენ იმაზე, რომ სწავლას შევეშვი, რადგან წინასწარ არასდროს იცი, გახდები თუ არა პროფესიონალი ფეხბურთელი. იმისთვის, რათა სწავლას მთლად არ ჩამოვრჩენოდი, ღამის სკოლაში დავიწყე სიარული და დავდიოდი იქამდე, სანამ არ მივხვდი, რომ ფეხბურთი მთელ თავისუფალ დროს მართმევდა.
ახლა, ძალიან მინდა ინგლისური ენის სწავლა. მამაჩემი ამ მხრივ ყოველთვის ძალიან მომთხოვნი იყო. მას ჩემდამი დიდი რწმენა გააჩნია, თუმცა თავიდანვე ვუთხარი, რომ ოჯახში ამაზე ხშირად არ ილაპარაკოს. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ნებისმიერ მომენტში მამის მხრიდან ნდობის დანახვა. ის რენეს ხშირად ჩემს დახმარებას სთხოვდა, რათა მე ფეხბურთზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, რენე მას უჯერებდა და იმ მომენტიდან, უფროსი ძმა ჩემს ჩრდილად იქცა. ახლაც ასეა, ჩვენ ხშირად ვხვდებით. მშობლებს და დასაც ყოველდღიურად ვნახულობ. არც ისე დიდი ხანია, რაც ცალკე საცხოვრებლად გადავედი, თუმცა, ოჯახთან ერთად ცხოვრებისას საკუთარი დამოუკიდებლობა არ დამიკარგავს.
ნორმალურია, რომ მამა მეჩხუბებოდა, თუ რაიმე საკითხში მართალი არ ვიყავი. მის აზრს პატივს ვცემ და ვითვალისწინებ. ის ძალიან გულახდილია, არასდროს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას საკუთარ სიკეთეებს და სწორედ ამით დაიმსახურა მან ყველას პატივისცემა. არ უარვყოფ, ეს ხშირად დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დადებითი მომენტებით დამამახსოვრდა. იმის დანახვა, თუ როგორ უხაროდა მამას ჩემი ტრიუმფი, ძალიან ემოციური იყო. ის ბევს არ ლაპარაკობს, თუმცა შობის დღესასწაულზე სულ მიმეორებს: "მიყვარხარ, მეამაყები". ატირებული მამა მხოლოდ ორჯერ ვნახე ცხოვრებაში. პირველად, როდესაც ბებია გარდაიცვალა და მეორედ - როცა ჩვენ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოვიპოვეთ.
რენე ჩემთვის მეორე მამა და დამატებითი მეგობარია. ჩვენს შორის არ არსებობს საიდუმლო. ასევე, არასდროს მინახავს, რომ ის რაიმეზე წუწუნებდეს ან სისუსტეს ამჟღავნებდეს. მოკლედ, ამ ხალხის დიდი მადლიერი ვარ.
პირველი ნაწილის დასასრული - მეორე ნაწილსაც, სადაც რამოსი რეალში ტრანსფერის საინტერესო დეტალებს იხსენებს, სულ მალე იხილავთ.
კომენტარები
2 საათის წინ
1 საათის წინ
2 საათის წინ
2 საათის წინ