Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
5 თებერვალი საფეხბურთო სამყაროში გამორჩეული დღეა, რადგან ამ დღეს ბევრი ცნობილი სახე დაიბადა.
მივყვეთ ქრონოლოგიურად:
1932 - ჩეზარე მალდინი
92 წლის წინ მილანისა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჩეზარე მალდინი (პაოლო მალდინის მამა) დაიბადა. მან საფეხბურთო კარიერა ტრიესტინაში, მილანსა და ტორინოში გაატარა. ის ყველაზე დიდხანს (12 წელი) როსონერიში ასპარეზობდა, სადაც სერია ა-ს გამარჯვებული 4-ჯერ გახდა და ამასთან ჩემპიონთა თასიც მოიგო. 1962 წელს ის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, მალდინიმ მილანს ევროპის თასების მფლობელთა თასი და იტალიის თასი, იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებს კი ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა ევროპის ჩემპიონატი. ის 2016 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩეზარე მალდინი იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრია.
1948 - სვენ-გორან ერიქსონი
სვენ-გორან ერიქსონი 76 წლის გახდა. შვედი სპეციალისტი 2001-დან 2006 წლამდე ინგლისის ნაკრებს წვრთნიდა. საკლუბო ფეხბურთში კი სხვადასხვა დროს გიოტებორგში, ბენფიკაში, რომაში, ფიორენტინაში, სამპდორიაში, ლაციოში, მანჩესტერ სიტისა და ლესტერში (სია სრული არ არის) მუშაობდა. ერიქსონმა გიოტებორგს უეფას თასი მოაგებინა, ბენფიკა 3-ჯერ გახადა პორტუგალიის ჩემპიონი და ერთხელ თასის მფლობელი. რომასა და სამპდორიაში თითო-თითოჯერ მოიგო იტალიის თასი, ყველაზე გამორჩეული პერიოდი კი ლაციოში ჰქონდა, სადაც სერია ა, იტალიის თასი (2-ჯერ), იტალიის სუპერ თასი (2-ჯერ), უეფას თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერ თასი მოიგო. შვედი 2000 წელს სერია-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ცოტა ხნის წინ ერიქსონმა განაცხადა, რომ მძიმე დაავადებას ებრძვის და დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია.
1965 - გეორგე ჰაჯი
რუმინული ფეხბურთის ლეგენდა 59 წლის გახდა. გეორგე ჰაჯი მოთამაშის კარიერის განმავლობაში ბუქარესტის სტიაუაში, მადრიდის რეალში, ბრეშაში, ბარსელონასა და გალათასარაიში თამაშობდა. ჰაჯიმ ესპანურ გრანდებთან ერთად თითოჯერ ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, თურქულ გუნდთან ერთად კი თურქეთის ჩემპიონატისა და თასის გარდა უეფას თასისა და სუპერ თასის მფლობელი გახდა. მას რუმინეთის ნაკრებში ჩატარებულ 124 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი, რითიც ადრიან მუტუსთან ერთად ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.
1975 - ჯოვანი ვან ბრონხორსტი
49 წლის გახდა ფეიენოორდის, რეინჯერსის, არსენალის, ბარსელონასა და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი ვან ბრონხორსტი, რომელმაც ნარინჯისფრებს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უკაპიტნა და ურუგვაისთან ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. ვან ბრონხორსტი შოტლანდიის, ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონია, 2006 წელს კი ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1982 - როდრიგო პალასიო
42 წლის გახდა როდრიგო პალასიო, რომელმაც გამორჩეული წლები იტალიაში გაატარა. ის ჯენოაში, ინტერში, ბოლონიასა და ბრეშაში გამოდიოდა. შემტევი არგენტინის ნაკრების წევრიც იყო და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტიც არის.
1984 - კარლოს ტევესი
დღეს კიდევ ერთი არგენტინელის, კარლოს ტევესის, დაბადების დღეა. თავდამსხმელმა კარიერის დიდი ნაწილი პრემიერ ლიგაში, კერძოდ ვესტ ჰემში, მანჩესტერ იუნაიტედსა და სიტიში გაატარა. მან პრემიერ ლიგა მანჩესტერულ გუნდებში 3-ჯერ მოიგო, იუნაიტედთან ერთად კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. ტევესმა გარკვეული პერიოდი იუვენტუსშიც გაატარა, სადაც სერია ა-ს(2-ჯერ), იტალიის თასსა და სუპერ თასს დაეუფლა. ტევესსა და პალასიოს საერთო ის აქვთ, რომ ორივეს უთამაშია ბოკა ხუნიორსში.
1985 - კრიშტიანუ რონალდუ
დიდი ალბათობით ამ სიიდან ყველაზე მეტად 5 თებერვალი კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღედაა ცნობილი. ლეგენდარული პორტუგალიელი 39 წლის გახდა. მისი ყველა ტიტულისა და მიღწევის ჩამოთვლა ალბათ შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ გამორჩეულ მათგანს შეგახსენებთ. რონალდუ 5-გზის ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მფლობელია, ასევე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი, მადრიდის რეალის ისტორიაში კი საუკეთესო ბომბარდირია.
1986 - ვედრან ჩორლუკა
პრემიერ ლიგის გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ ვედრან ჩორლუკა, რომელიც 2007-დან 2012 წლამდე მანჩესტერ სიტისა და ტოტენჰემში გამოდიოდა. ხორვატი მცველი 12 წლის განმავლობაში ნაკრების შეუცვლელი ფიგურაც იყო.
1992 - ნეიმარი
დღის კიდევ ერთი ვარსკვლავი ნეიმარია, რომელიც 32 წლის გახდა. სანტოსის, ბარსელონასა და პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი დღეს ალ ჰილალის წევრია, თუმცა მძიმე ტრავმის გამო თამაშს ვერ ახერხებს. ბრაზილიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად ის კოპა ლიბერტადორესისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ნეიმარმა ცოტა ხნის წინ პელეს რეკორდიც მოხსნა და ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
1992 - სტეფან დე ვრაი
ნეიმართან ერთად 1992 წლის 5 თებერვალს დაიბადა სტეფან დე ვრაიც. ფეიენოორდისა და ლაციოს ყოფილი მცველი 2018 წლიდან მილანის ინტერის ღირსებას იცავს, ნიდერლანდების ნაკრების წევრი კი 2012 წლიდან არის. ნიდერლანდელი სერია ა-ს, იტალიის თასისა (3) და სუპერ თასის (4) გამარჯვებულია.
1995 - ადნან იანუზაი
ვარსკვლავური დღის იუბალირია ადნან იანუზაიც, რომელიც უკვე 29 წლის გახდა. ის კარიერას ომახიანად იწყებდა მანჩესტერ იუნაიტედში და მასზე დიდი იმედიც მყარდებოდა, თუმცა მან მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. ამჟამად იანუზაი სევილიას წევრია, ბელგიის ნაკრებში კი 2014 წლიდან მოყოლებული მხოლოდ 15 მატჩი აქვს ჩატარებული.
კომენტარები
1 დღის წინ
6 დღის წინ
3 დღის წინ