შესვლა

burger

ორი გიორგი - ვალენსიელი გმირები

ფონტის ზომა
TT

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში ყველა ფეხბურთელმა თავისი უდიდესი წვლილი შეიტანა.

 

მათ შორის იყვნენ გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი, მოთამაშეები, რომლებიც ვალენსიურ გუნდებში (ვალენსია, ლევანტე) თამაშობენ.

 

საბერძნეთთან 120 წუთის განმავლობაში მამარდას მხოლოდ 2 მოგერიება ჰქონდა, თუმცა მთელი 2 საათი ის წარმოუდგენელ თავდაჯერებას ასხივებდა, რაც მთელი გუნდისთვის სიმშვიდის გარანტი იყო. 

 

სტატისტიკური ვებ-გვერდის, Sofascore-ის, ვერსიით სწორედ ქართველი მეკარე გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მან 7.8 შეფასება დაიმსახურა.

 

და რაც მთავარია, პენალტების სერიაში ყველას გვქონდა მამარდას იმედი.

 

უკვე რამდენიმე წელია ყველამ ვიცით მისი შესაძლებლობები, თუმცა ვიცოდით მისი სუსტი წერტილებიც და ფაქტი იყო, რომ გიორგისთვის პენალტების მოგერიება აქილევსის ქუსლი იყო, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს კომპონენტი გამოესწორებინა, რაც სტატისტიკაზეც აისახა. ცოტა ხნის წინ ლა ლიგის მატჩშიც, მამარდამ ვილიარეალის წინააღმდეგ ალექს ბაენას თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

 

გუშინ კი ბერძენთა კაპიტნის ბაკასეტასის პირველ დარტყმულს კედელივით დაუდგა და საქართველოს ნაკრებს უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუპოვა.

 

 

რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ის საქართველოს ნაკრების ახალი აღმოჩენა და მომავალი სახეა. მან სულ რაღაც მე-6 მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში, არადა მისი თამაშის შემხედვარე, თითქოს ის უკვე წლებია ამ გუნდის წევრია, მისი დებიუტი კი მხოლოდ 2023 წლის სექტემბერში შედგა.

 

ქოჩორას 120 წუთის განმავლობაში მოძრაობა არ შეუწყვეტია, ის იყო ყველგან, იბრძოდა ყველა ბურთისთვის შეტევასა თუ დაცვაში და ისე აღნიშნავდა ყველა მომენტს თითქოს გადამწყვეტი გოლი იყო. შეხვედრის განმავლობაში გიორგი ამხნევებდა გულშემატკივარს და თითოეულ მოთამაშეს, მარტო ის მომენტი რად ღირს, როცა გიორგი მიქაუტაძემ პენალტი ვერ გამოიყენა და მაშინვე მასთან 24 წლის ნახევარმცველი გაჩნდა და თავდამსმხელს დამწუხრება არ აცადა. 

 

ვილი სანიოლმა თქვა, რომ პენალტების წინ ის თითოეულ მოთამაშეს გაესაუბრა და სწორედ გიორგი ქოჩორაშვილი იყო ის, ვინც პირველი დარტყმის თავის თავზე აღება გადაწყვიტა, დაარტყა კიდეც და თანაც როგორ, ცხრიანში უზუსტესად, ვლახოდიმოსს შანსი არ ჰქონდა.

 

ეს კი თავდაჯერების უდიდესი გამოხატულება იყო, გულშემატკივრებისა და მოთამაშეებისთვის საოცარი მუხტი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს კიდევ უფრო გვაახლოვებდა.

 

 

მოკლედ გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ვალენსიაში გმირებად ბრუნდებიან.

 

VAMOS GEORGIA! VAMOS MAMARDA! VAMOS KOCHORA!

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.