შესვლა

burger

კვარაცხელია ათიანზე? დადებითი და უარყოფითი მხარეები

ფონტის ზომა
TT

ხვიჩა კვარაცხელიამ ვერონასთან გამარჯვების გოლი ათიანის პოზიციაზე თამაშისას გაიტანა.

 

ცნობილი ვებ-გვერდი Goal.com ქართველის პოზიციის ცვლილების დადებით და უარყოფით მხარეებს გვთავაზობს.

 

დადებითი:

 

კვარაცხელიას ათიანის როლის მორგება მას თამაშის ეპიცენტრში მოაქცევს და მის მოქმედებებს მეტად არაპროგნოზირებადს გახდის, რაც მეტოქე მცველების საქმეს გაართულებს. იტალიაში 18-თვიანი თამაშის პერიოდში თანდათან ოპონენტმა მწვრთნელებმა და მცველებმა ორმაგი და ხანდახან სამმაგი დაცვითაც მისი მოულოდნელობის ეფექტი მნიშვნელოვნად შეზღუდეს.

 

კვარა ცენტრში თამაშისას კარისკენ ყოველთვის სახით იქნება, რაც ვერონასთანაც მოხდა, ეს კი მისი დარტყმის უნარს კიდევ უფრო სასარგებლოს გახდის. ამასთან მისი კრეატიულობა უფრო ღირებული შეიძლება გახდეს, რადგან მასსა და ცხრიანს (ძირითადად ვიქტორ ოსიმენი) შორის მანძილი უფრო მცირე იქნება, ვიდრე ეს ფლანგიდან თამაშის დროს არის.

 

კვარაცხელიას ათიანობა ხელ-ფეხს გაუხსნის ლინდსტრომსაც, რომლის თამაშიც ვერონასთან მაძარიმ მოიწონა.

 

"ლინდსტრომმა, რომელიც მარცხნივ გადავწიე, საქმეს თავი კარგად გაართვა. ამ მომენტში მას დიდი კონკურენცია აქვს, მაგრამ მომავალში ეს ის როლია, რომელსაც ის საუკეთესოდ მოირგებს."

 

ნაპოლის მწვრთნელის ორმაგმა სვლამ აინტრახტის ყოფილი ფეხბურთელის მარცხენა ფლანგზე დაყენებითა და კვარაცხელიას ცენტრში შემოწევით პარტენოპეის გამარჯვების გოლი მოუტანა. ამიტომაცაა, რომ ნაპოლის 77 ნომრის ათიანზე დაყენება, გაზრდის შეტევით პოტენციალს და ლინდსტრომსაც გუნდში ადგილის დამკვიდრების უკეთესი შანსი მიეცემა.

 

ეს გადანაცვლება კარგი იქნება ნაპოლის ახალწვეულის ჰამედ ტრაორესთვისაც, რომლის საყვარელი სათამაშო არეალიც მარცხენა ფლანგია 4-2-3-1 ფორმაციაში.

 

კვარა ნაკრებში: 10 მატჩი ცენტრში - 9 გოლი

 

საინტერესო სტატისტიკა აქვს კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში.

 

 

ნაკრებში ჩატარებული 28 მატჩიდან ხვიჩამ ცენტრალურ პოზიციაზე 10 შემთხვევაში ითამაშა, როგორც შემტევ ნახევარმცველად 3-4-2-1 ფორმაციაში, ისე მეორე თავდამსხმელად 3-4-1-2-ში. შედეგი? როცა კვარა მეტად ცენტრში თამაშობს, ვიდრე ვინგერად, მას 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს ანგარიშზე (სულ 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემა).

 

საქართველო 4-0 გიბრალტარი - 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა

ბულგარეთი 2-5 საქართველო - 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა

ჩრდილოეთ მაკედონია 0-3 საქართველო - 1 გოლი

საქართველო 0-0 ბულგარეთი

გიბრალტარი 1-2 საქართველო - 1 გოლი

საქართველო 1-1 ნორვეგია

საქართველო 8-0 ტაილანდი - 1 გოლი

საქართველო 4-0 კვიპროსი - 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა

საქართველო 2-2 შოტლანდია - 2 გოლი

ესპანეთი 3-1 საქართველო - 1 გოლი

 

უარყოფითი:

 

ქართველის პოზიციის გარდაქმნა ნაპოლიის ფორმაციის მუდმივ ცვლას გამოიწვევს 4-3-3-დან 4-2-3-1-ზე. სქემაზე, რომელიც გუნდს არც სპალეტისა და არც გარსიას დროს კარგად არ გამოსდიოდა. მაძარიმაც იცის ეს და ამაზე პრესკონფერენციაზეც ისაუბრა:

 

"რომ შემეძლოს, კვარაცხელიას ყოველთვის თავდამსხმელის უკან ვათამაშებდი, მაგრამ პრობლემა ბალანსშია. ეს სხვა მწვრთნელებთანაც ნახეთ. ორკაციანი ნახევარდაცვითა და ერთი შემტევით მათ პრობლემა ექმნებოდათ."

 

"ამ ფორმაციამ მეორე ტაიმში შედეგი გამოიღო, კალიარისთან რასპადორის შუაში შემოწევამაც გაამართლა და მოვიგეთ, მაგრამ გვჭირდება იმის გაანალიზება, თუ გუნდს რამდენად შეუძლია მთლიანად ამ სტრუქტურას მოერგოს."

 

სანამ გავიგებთ, გარდაიქმნება თუ არა ნაპოლის ფორმაცია, ვნახოთ როგორი იქნება გუნდის შემადგენლობა კვარაცხელიას ათიანობის შემთხვევაში.

 

ფორმაცია: 4-2-3-1

 

გოლინი/მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, მარიო რუი/მაძოკი/ოლივერა: ანგისა, ლობოტკა; პოლიტანო, კვარაცხელია, ლინდსტრომი/ტრაორე; ოსიმენი.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.