სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
9 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
29 ოქტომბერს ნიუკასლ იუნაიტედმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვახტანგ სალია 2025 წლის აგვისტოში დინამო თბილისიდან პრემიერ ლიგის კლუბს შეუერთდება. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ასევე ოფიციალურად გავიგეთ, რომ 2025 წლის ივლისში გიორგი მამარდაშვილი ვალენსიადან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.
ასე რომ, მომდევნო სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ჩემპიონატში ქართველ ფეხბურთელებს დიდხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ ვიხილავთ. მოდით, გავიხსენოთ რომელ ქართველ ფეხბურთელებს უთამაშიათ აქამდე ინგლისის ჩემპიონატში და როგორი სტატისტიკა ჰქონდათ პრემიერ ლიგაში.
თავიდანვე გეტყვით, რომ აქამდე პრემიერ ლიგაში სულ ხუთ ქართველს უთამაშია.
ყველაზე მეტი მატჩი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გიორგი ქინქლაძეს აქვს ჩატარებული. ქინქლაძე 1995 წლის ზაფხულში მანჩესტერ სიტიმ თბილისის დინამოდან შეიძინა 4 მილიონ ევროდ და სწორედ ის გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომლის დებიუტიც 1995 წლის 19 აგვისტოს ტოტენჰემთან მატჩში შედგა, პირველი ქართული გოლი კი 1995 წლის 25 ნოემბერს ასტონ ვილას კარში გავიდა.
პირველივე სეზონში ქართველმა პრემიერ ლიგაში 37 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრების გულიც მოიგო, მან უამრავი ლამაზი მომენტი შექმნა, მათ შორის საუთჰემპტონთან ლეგენდარული გოლი, რომელსაც ინგლისში დღემდე იხსენებენ. ქინქლაძემ ჯამში 8 საგოლე მოქმედება მიითვალა (4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა), თუმცა სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგიდან გავარდა.
ქინქლაძე პრემიერ ლიგაში 1999 წელს დაბრუნდა, როცა ის დერბი ქაუნთის აიაქსიდან იჯარის წესით შეუერთდა, საბოლოოდ ინგლისელებმა ქართველი ამსტერდამული კლუბიდან 5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს და მან დერბისთან ერთად პრემიერ ლიგაში 3 სეზონი გაატარა, ჯამში მან უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 65 მატჩში 3 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. 2002 წელს დერბი პრემიერ ლიგიდან გავარდა.
საბოლოო ჯამში გიორგი ქინქლაძის სტატისტიკა პრემიერ ლიგაში ასეთია - 102 მატჩი, 7 გოლი და 13 საგოლე გადაცემა.
მეორე ქართველმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში ასევე მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში ითამაშა. მიხეილ ყაველაშვილი ქალაქელებს 1996 წელს თბილისის დინამოდან 2 მილიონ ევროდ შეუერთდა, თუმცა მისი სახელი ინგლისში ქინქლაძისგან განსხვავებით ნაკლებად ემახსოვრებათ, რადგან მისი კარიერა ისე კარგად ვერ განვითარდა.
ყაველაშვილმა ჩემპიონატში სულ 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა 1 გოლის გატანა მაინც მოასწრო, თანაც მანჩესტერულ დერბიში. იუნაიტედთან მატჩი მისთვის სადებიუტო იყო. ამის შემდეგ მან სიტის შემადგენლობაში კიდევ 3 მატჩი ჩაატარა - უიმბლდონის, შეფილდ უენსდისა და ლივერპულის წინააღმდეგ.
მე-3 ქართველი პრემიერ ლიგაში თემურ ქეცბაია იყო, რომელიც 1997 წლის ზაფხულში ნიუკასლს ათენის აეკიდან უფასო ტრანსფერით შეუერთდა. მან უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ 3 სეზონი გაატარა და ჯამში 77 მატჩიც ჩაატარა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო - 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემა.
პრემიერ ლიგის გულშემატკივრებს საკუთარი თავი ქინქლაძის მსგავსად ქეცბაიამაც დაამახოვრა. ფანები 1998 წელს ბოლტონთან ქართველის გატანილ გოლს და შემდეგ მის ცნობილ აღნიშვნას დღემდე იხსენებენ.
ქართველმა შემტევმა ნიუკასლი 2000 წელს დატოვა და კარიერა ვულვზში გააგრძელა, რომელიც მაშინ ჩემპიონშიფში ასპარეზობდა.
პრემიერ ლიგაში ხანმოკლე აღმოჩნდა მე-4 ქართველი მოთამაშის, რატი ალექსიძის კარიერა, რომელიც 2000 წელს თბილისის დინამოდან ჩელსის შეუერთდა. მან ლონდონური გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, დერბი ქაუნთისა და მიდლსბროს წინააღმდეგ ჯამში 20 წუთი ითამაშა. ალექსიძე 2001 წელს ჩელსიდან ისევ დინამოში დაბრუნდა.
დღემდე ბოლო ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილია. ნაკრების ყოფილი მოთამაშე 2005 წელს ბლექბერნ როვერსს შოტლანდიური რეინჯერსიდან იჯარის წესით შეუერთდა, მოგვიანებით კი ის ინგლისურმა კლუბმა 750 ათას ევროდ გამოისყიდა.
ხიზანიშვილმა ინგლისის ჩემპიონატში 5 სეზონი გაატარა და ჯამში ჩატარებულ 62 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, ორივე საგოლე მოქმედება სადებიუტო სეზონში. ქართველმა მცველმა ერთადერთი გოლი 2006 წელს მანჩესტერ სიტის გაუტანა და სწორედ ეს არის დღემდე ბოლო ქართული გოლი პრემიერ ლიგაში.
ცენტრალური მცველი ბლექბერნიდან ნიუკასლსა და რედინგშიც იყო განათხოვრებული, როცა ეს გუნდები ჩემპიონშიფში ასპარეზობდნენ. 2011 წელს კი ქართველმა ბლექბერნი ოფიციალურად დატოვა და კარიერა თურქულ ქაისერისფორში გააგრძელა. ხიზანიშვილისა და შესაბამისად ქართველი ფეხბურთელის ბოლო მატჩი პრემიერ ლიგაში 2009 წლის 17 მაისს ჩელსის წინააღმდეგ ვიხილეთ.
ასე და ამგვარად, 15 წელზე მეტია ქართველის თამაში ინგლისის პრემიერ ლიგაში არ გვინახავს, 2024-25 წლების სეზონში კი ერთბაშად ორ ქართველს ველოდებით ამ ჩემპიონატში.
გიორგი მამარდაშვილმა ქართული სატრანსფერო რეკორდი მოხსნა და 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლივერპულს შეუერთდა, ამჯერად ქართველი მეკარე იჯარის წესით ვალენსიაშია, მერსისაიდელებს კი 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება. მამარდა ლივერპულის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდება.
ვახტანგ სალიას ნიუკასლში ტრანსფერი კი სულ ახლახანს გაოფიციალურდა და მასაც 2025 წლის აგვისტოში ველოდებით კაჭკაჭების რიგებში. ახალგაზრდა ქართველი ნიუკასლს თემურ ქეცბაიას გაახსენებს და იმედია, მასზე უკეთესი კარიერაც ექნება, რაც თავად თემურმაც ინატრა.
"საქართველოს ასეთი ტრანსფერები სჭირდება" - ქეცბაია სალიას ნიუკასლში გადასვლაზე
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
დ
დავითი აბულაძე
სუპერ ქინქლი💋💋💋💘💘