შესვლა

burger

ისტორიული მატჩის მონაწილეები - მიქაუტაძე და ზივზივაძე

ფონტის ზომა
TT

ლუქსემბურგთან მატჩამდე 1 დღე დარჩა.

 

უკვე განვიხილეთ თუ როგორ ფორმაში ხვდება მნიშვნელოვან შეხვედრას მოთამაშეთა დიდი ნაწილი. ახლა კი იმ ფეხბურთელების დროა, ვისი იმედიც პირველ რიგში ექნება გულშემატკივარს.

 

საუბარია ჩვენს მთავარ შემტევ ძალაზე, გიორგი მიქაუტაძესა და ბუდუ ზივზივაძეზე. ორივე თავდამსხმელი ამ პერიოდს კარგ ფორმაში ხვდება, თუმცა მათ მიმდინარე სეზონში ბევრი სირთულის გადალახვა მოუწიათ.

 

მიქაუტაძემ სეზონი საფრანგეთის ლიგა 1-ში, მეცის შემადგენლობაში, დაიწყო და გოლების გატანაც მოასწრო, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს დიდი ტრანსფერი შედგა და ქართველი ფორვარდი ამსტერდამის აიაქსში გადავიდა, სადაც ყველაფერი ცუდად აეწყო.

 

გიორგის სათამაშო დრო არ ეძლეოდა და თუ ეძლეოდა, ხშირად სხვა პოზიციაზე. ზამთარში კი ის იჯარის წესით კვლავ მეცს დაუბრუნდა, თამაშიც დაიწყო და ფორმაშიც შევიდა.

 

 

ლიგა 1-ში ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ჯამში კი საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ 12 მატჩი ჩაატარა და აქტივში 5 გოლი და 3 ასისტი ჩაიწერა.

 

მისი საშუალო შეფასება ფრანგული სეზონის მიხედვით 7.03 არის.

 

რაც შეეხება ზივზივაძეს, სეზონის დასაწყისი მისთვისაც შედარებით რთული იყო, რაც კარლსრუეში სათამაშო დროის ნაკლებობაზე აისახებოდა.

 

 

ნოემბრიდან კი ბუდუს შედეგი რადიკალურად შეიცვალა. ბოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ ფორვარდმა მეორე ბუნდესლიგაში 9 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა. მისი მთლიანი მონაგარი კი 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. მოთამაშის საშუალო შეფასება 6.92 არის.

 

ბოლო ტურში ზივზივაძემ მაგდებურგთან დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, კვირის გუნდში მოხვდა და სანაკრებო შეკრებაზეც კარგ ხასიათზე ჩამოვიდა.

 

რაც შეეხება მოთამაშეთა სანაკრებო კარიერას, გიორგი მიქაუტაძეს ეროვნულ გუნდში 22 მატჩი დაუგროვდა, მის ანგარიშზე კი 9 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ცოტა ხნის წინ ის ნაკრების ისტორიაში პირველი პოკერის ავტორი გახდა. მან ტაილანდს გაუტანა 4 გოლი. გიორგიმ საქართველოს ბოლო ცხრავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ზივზივაძემ კი ნაკრების მაისური 23-ჯერ მოირგო, აქტივში კი 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მან ბოლო გოლი ნორვეგიის ნაკრებს გაუტანა.

 

ორივე თავდამსხმელი ლუქსემბურგთან შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგიც და ბუდუც ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალა უნდა იყოს. ვილი სანიოლს კი დიდი თავის ტკივილი ექნება, რომელი მათგანი დააყენოს სასტარტო შემადგენლობაში, ან იქნებ ორივე ერთად ვიხილოთ მატჩის დასაწყისიდანვე მოედანზე.

 

უმნიშვნელოვანეს მატჩამდე 1 დღე რჩება. 21 მარტს ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგს დაუხვდება დინამო არენაზე.

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.