შესვლა

burger

გამაყრუებელი სიჩუმიდან ხმაურიან სიჩუმემდე - ნიკა კვეკვესკირი

ფონტის ზომა
TT

საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გამყვანი გოლის ავტორი ნიკა კვეკვესკირი გახდა.

 

ყველას გვახსოვს 2020 წლის 12 ნოემბერი და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი. კვეკვე იყო ის მოთამაშე, რომელმაც მაშინ ბოლო წუთამდე იბრძოლა და თამაშის მოტრიალებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მისი ცრემლები გულშემატკივრებისთვის მძიმე სანახავი იყო. 

 

ნიკამ მაშინდელი მარცხის შემდეგ ემოციებიც გაგვიზიარა:

 

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

 

როგორც აღმოჩნდა ასეთი გამოცდისთვის "გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე" მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: "ომი სულ გრძელდება" - მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს."

 

დადგა 2024 წლის 26 მარტი და საქართველოს ნაკრებს კვლავ მიეცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი. კვეკვესკირი ამჯერად სათადარიგო სკამზე იყო და თამაშში 104-ე წუთზე ჩაერთო.

 

დადგა პენალტების სერიის დროც, ყველაფერი ქართველთა მე-5 დარტყმას უნდა გადაეწყვიტა. ბურთთან ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე მივიდა კვეკვეს სახით. 

 

ნიკა კვეკვესკირმა გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა! საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!

 

მატჩის შემდეგ მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

 

„დარტყმის დროს ყველაფერზე და არაფერზე ვფიქრობდი. ასეთი მდგომარეობა მე პირადად არ მქონია, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ჩემი თანაგუნდელების წინაშე და მთლიანად საქართველოს წინაშე. ხმაურიანი სიჩუმე იყო ჩემს ტვინში და ვერ გავიგე რა ხდებოდა."

 

სიმბოლურია, რომ სწორედ კვეკვე გახდა ისტორიული გოლის ავტორი. მან ხომ 12 ნოემბრის ღამის შემდეგ ბრძოლა გააგრძელა და მძაფრი კადრები გამარჯვების ემოციით ჩაგვინაცვლა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.