Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეს დღეც მოახლოვდა - საქართველო დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო მატჩს გამართავს.
საქართველო - ლუქსემბურგი
დინამო არენა, 21:00, მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი
როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრის ყველაზე რეალური შანსი ბოლო ორ წელში მეორედ ეძლევა - ყველას გვახსოვს ბელარუსთან ნახევარფინალური გამარჯვება და შემდეგ ჩრ.მაკედონიასთან მარცხი, მაგრამ დღეს მის გახსენებას ნამდვილად არ დავიწყებთ, მხოლოდ იმისთვის გაგახსენეთ, რომ გითხრათ, რომ ახლა ზუსტად ისეთივე შანსი გვეძლევა.
საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონში თავისი ჯგუფი 18 შესაძლოდან 16 ქულით მოიგო - კვარტეტში ბულგარეთი, მაკედონია და გიბრალტარი გვყავდა, საიდანაც მხოლოდ ერთხელ დავკარგეთ ქულები, როცა ბულგარეთთან შინ ფრე 0:0 ვითამაშეთ, დანარჩენი ხუთივე მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და შედეგად, მომავალ ერთა ლიგას უკვე B დივიზიონში, მსოფლიო დონის ნაკრებებთან ერთად დავიწყებთ.
ლუქსემბურგი ჯგუფში თურქეთთან, ფარერებთან და ლიეტუვასთან კვარტეტში იყო და მეორე ადგილი 11 ქულით დაიკავა. რეალურად, ჩვენი მეტოქე თურქეთი უნდა გამხდარიყო, თუმცა მათ თავიანთი ევრო 2024-ს საგზური საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიკავეს და ამიტომ, ჯგუფის მეორეადგილოსანს მიეცა პლეი-ოფში მონაწილეობის შანსი.
მოახლოებულ მატჩში საქართველოს ნაკრები, ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნის მიუხედავად, მაინც აშკარა ფავორიტად მოიაზრება და ხალხი დინამო არენაზე მხოლოდ გამარჯვებით აზრით მიდის.
საქართველომ და ლუქსემბურგმა ისტორიაში ერთმანეთის წინააღმდეგ სამი მატჩი ჩაატარეს - 2007 წელს ფრე (0:0) დაფიქსირდა, 2012-ში საქართველომ 2:1 მოიგო, 2018-ში კი 0:1 დავმარცხდით. თუმცა, სამივე შეხვედრა ჩვენმა გუნდმა გასვლაზე ჩაატარა, ლუქსემბურგი კი საქართველოში პირველად ჩამოდის.
ბოლო ხუთ მატჩში გუნდებს აბსოლუტურად იდენტური შედეგები აქვთ დაფიქსირებული - 2 გამარჯვება, 2 მარცხი, 1 ფრე - საქართველომ ესპანეთთან (1:3) და ნორვეგიასთან (1:2) წააგო, კვიპროსს (4:0) და ტაილანდს (8:0) მოუგო, ფრე კი შოტლანდიას ეთამაშა.
ლუქსემბურგი პორტუგალიასთან განადგურდა (0:9), სლოვაკეთთან (1:2) წააგო, ლიხტენშტეინს (1:0) და ბოსნია და ჰერცოგოვინას (4:1) მოუგო, ფრეს კი ისლანდიასთან (1:1) დასჯერდა.
ყველაზე მტკივნეული საქართველოს ნაკრებისთვის აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაა, რომელიც თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს და ჩვენი ნაკრების დახმარებას ფინალში შეძლებს, თუ რა თქმა უნდა ლუქსემბურგს დავამარცხებთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვერკველია, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.
ლუქსემბურგი: მორისი, კორაჩი, ჩანოტი, მარტინსი, იანსი, მარტინსი, ბარეირო, პინტო, თილი, ბორგეს სანჩესი, როდრიგესი.
ვინ რა თქვა:
ვილი სანიოლი:
სულისკვეთება და შემართება
სულისკვეთება ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ დროს. ამის გარეშე რთულია შედეგის მიღწევა. მოთამაშეები მაქსიმალურად კონცენტრირებული არიან და თუ ამ თვისებებს გავაერთიანებთ, ეს მოიტანს შედეგს.
მოკლე დრო
თამაშამდე მოკლე პერიოდია მოსამზადებლად, ზოგი მოთამაშე გვიან შემოგვიერთდა, მაგრამ ყველამ იცის მოსამზადებელი პერიოდის რუტინა და იმას გავაკეთებთ, როგორც აქამდე ვიქცეოდით. ექსპერიმენტების დრო ახლა არაა.
ლუქსემბურგის ნაკრები
ლუქსემბურგის შესახებ ყველა ჩანაწერი ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის. მეტოქე უნდა დავაფასოთ. ჩვენი ხარისხი მაქსიმალურად უნდა ვაჩვენოთ, სხვა შემთხვევაში შედეგს ვერ მივიღებთ. მოთამაშეებთან საუბრები მექნება, მაგრამ ამის დიდი დოზით გაკეთება არ მინდა.
კანკავა
რატომ გამოვიძახეთ ჯაბა? ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც ახალგაზრდებისთვის ისე გამოცდილი მოთამაშეებისთვის. დავაყენებ თუ არა სასტარტო შემადგენლობაში? ზუსტად რაც შემიძლია გითხრათ, კვარაცხელია სასტარტოში არ იქნება, სხვას ვერაფერს გეტყვით.
მოთამაშეები
მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, დაზიანებები არ არის. მიქაუტაძე და ზივზივაძე კარგ ფორმაში არიან, დაბრუნდა ქოჩორაშვილიც.
თამაშისთვის მზადება
მეც ფეხბურთელების მსგავსად ვინდომებ, მწვრთნელები ასეთი მატჩებისთვის სულ ვემზადებით. მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაცია ერთ მიზანზე გვქონდეს. მოთამაშეებს ვეუბნები, რომ გონებით მიუდგნენ საქმეს და არა გულით.
საქართველო ფავორიტია?
ამას ხალხი და მედია ადგენს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ყველამ იცის, რომ თუ არ დავიხარჯებით, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. გუნდურობა და კონცენტრაცია უნდა გამოვიჩინოთ.
ოთარ კიტეიშვილი:
"ნაკრებში ერთმანეთის ნახვა გვიხარია. მოუთმენლად ველოდებით თამაშებს. ეს ყველასთვის კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია. შემართების პრობლემა ნაკრებში არასდროს იყო, ახლა კი გაასმაგებულია. ვაპირებთ, რომ ოცნება ავიხდინოთ."
"ლუქსემბურგის ნაკრები ბოლო დროს თავს კარგად წარმოაჩენს და რთული თამაში იქნება. საბოლოო ორგანიზება ხვალ მოხდება. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიები ვიყოთ."
"ამ მატჩს ყველა ერთად ველოდებოდით. გამოჩნდა, თუ როგორ ერთიანდება ხალხი ფეხბურთის გარშემო. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. იმედია, მიზანს ერთად მივაღწევთ. მადლობა სპორტსმენებს, რომელთა მხარდაჭერა გვახარებს. ფეხბურთს წნეხი თან ახლავს და ეს წნეხი თამაშის მოახლოებასთან ერთად იმატებს. ჩვენ როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად ვემზადებით. ყველაფერს ვიზამთ, რომ წნეხი დავძლიოთ."
"კანკავა? ჯაბას დაბრუნება მოთამაშეებისთვის განსაკუთრებულია. ის ყოველთვის მისაბაძი ფეხბურთელი და ადამიანი იყო. ჯაბა მნიშვნელოვანი ძალაა და ამას ყველა გრძნობს."
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები
5 საათის წინ
4 საათის წინ
3 საათის წინ
3 საათის წინ