შესვლა

burger

აზარი: "სუფთა ფეხბურთის კუთხით, ვფიქრობ რონალდუც ვერ მჯობია"

ფონტის ზომა
TT

ედენ აზარმა მადრიდის რეალში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

 

რამდენად გიხდებოდათ რეალი?

 

ახლა ადვილია ლაპარაკი. ბავშვობიდან ზიდანის ფანი ვიყავი, ამიტომ რეალიც მიყვარდა. ბერნაბეუ, თეთრი მაისური - აქვს ამ ყველაფერს ის ხიბლი, როგორიც სხვას არ გააჩნია. რეალი განსაკუთრებული კლუბია.

 

მაგრამ უკან გახედვისას, ვიაზრებ, რომ ალბათ, ეს კლუბი მე არ მიხდებოდა. ეს ცოტათი მოტრაბახე კლუბია, მე ასეთი არ ვარ. წინა კლუბებს რომ შევადარო, მისი არც სათამაშო სტილი მიხდებოდა. თუმცა, ეს ჩემი ოცნება იყო. არ შემეძლო კარიერა რეალში თამაშის გარეშე დამესრულებინა.

 

 

რამდენად მზად იყავით იმ მოთხოვნებისთვის, რომელიც რეალში არსებობს?

 

ამ ყველაფერს ვგრძნობდი. მინდოდა ყველაფერი შემეცვალა, რაღაც ჩემებურად გამეკეთებინა და წარმატებისთვისაც მიმეღწია.

 

ჩემი ისტორია ამტკიცებს, რომ რეალი - ყველაზე მასშტაბურია. იქ თამაში რთულია. ალბათ, მეტი უნდა მევარჯიშა. მაგრამ, მე ტრავმებსაც უადგილო დროს ვიღებდი. ოპერაცია, ჩაყენებული მეტალი, გამოჯანმრთელება. დავბრუნდი, მაგრამ ტკივილები მაინც მაწუხებდა. ამიტომ, თავს ძალას ვატანდი.

 

მეორე სეზონში ჩავფლავდი. მოვიდა ანჩელოტი. კარგი სამზადისი გავიარე, კარგად ვთამაშობდი. მაგრამ ჩემი სხეული, ტკივილები, ტრავმები...

 

თქვენთვის ზედმეტი იყო?

 

ერთხელ დილით გავიღვიძე და ნაოპერაციებ ტერფზე გამობერილი მქონდა. ინფექციის გამო კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდა - მეც ეს მინდოდა და ამას ვითხოვდი.

 

კონტრაქტით კიდევ ორი წელი მქონდა დარჩენილი და ჩემს თავს ვუთხარი: „მიდი, არ დანებდე.“ მაგრამ, ზედმეტად შორს იყო საქმე წასული. გუნდში ადგილი დავკარგე, შემდეგ თავდაჯერებაც, ბოლოს კი სურვილიც. მუხლების მგლეჯავ ბიჭებთან დაპირისპირებიდან იქამდე მივედი, რომ საწოლიდან ადგომაც კი ტკივილს მაყენებდა. მინდოდა გამეგო, რატო მოხდა ასე, მაგრამ ვერ შევძელი.

 

მაგალითად, მე დავდიოდი ადამიანთან, რომელიც შენს ენერგიასთან მუშაობს. მან ეგრევე მითხრა, რომ ჩემი ენერგია მწყობრში არ არის. ჯანდაბა, რა ხდება? შენს სხეულს აღარ უნდა. შეეგუე, მიიღე ეს. იცით ერთი ფეხბურთელი მაინც, რომელსაც კარიერის დასრულების შემდეგ არაფერი არ სტკივა? პასტორეს ხშირად ველაპარაკები, რომელიც აქვე ცხოვრობს. ისიც იგივეს მეუბნება. სხეული თვითონ გეუბნება, გაჩერდიო.

 

 

იყვნენ თუ არა ფეხბურთელები, რომელთა შემხედვარეც, თქვენს თავს ეუბნებოდით: „ის ჩემზე უკეთესია“?

 

ინდივიდუალურად, ალბათ მხოლოდ მესი. მისი ბარსელონაში თამაშით სიამოვნებას ვიღებდი. ბარსას მერე ალბათ ნაკლებად, მაგრამ ის ისტორიაში საუკეთესოა. მას ვერ დაამარცხებ და ბურთსაც კი ვერ წაართმევ.

 

კრიშტიანუს ჩემზე მეტი მიღწევა აქვს, მაგრამ სუფთა ფეხბურთის გადმოსახედიდან, ის ჩემზე უკეთესი არ მგონია. ალბათ, იგივეს თქმა შემიძლია ნეიმარზეც.

 

კიდევ იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც არ მჯობდნენ ფეხბურთით, მაგრამ უკეთესი მიღწევები ჰქონდათ. ბენზემა, მოდრიჩი, კროოსი, დე ბრუინი, ყველა ჩემზე მაღლა დგას, ისინი ფეხბურთით ცხოვრობენ. რეალშიც საუკეთესოები არიან შეკრებილნი.

 

მეტის მიღწევაც შეგეძლოთ?

 

კი. უფრო სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიმეღო და შეიძლება, მეტისთვისაც უნდა მიმეღწია, მაგრამ ამაზე არასდროს არ მიფიქრია.

 

ვისურვებდი თუ არა მეტის მიღწევას? არა, სულაც არა. არასდროს არ ვდარდობდი სტატისტიკაზე. 300 გოლი 200-ს ნაცვლად? აქ ამისთვის არასდროს ვყოფილვარ. ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა: სიამოვნებას გავცემდი და ასევე ვიღებდი კიდეც.

 

ფეხბურთი თქვენთვის სამსახური იყო?

 

არა, თამაში. ამ განწყობის ბოლომდე შენარჩუნებას ვცდილობდი. როგორც კი ეს შეგრძნება გამიქრა, კარიერა დავასრულე. ვიცოდი, რომ სამსახურიც იყო, რადგან ამით ფულსაც ვშოულობდი. მაგრამ, მინდოდა ამ მიდგომას მაქსიმალურად მოვრიდებოდი. ეს ჩემი საყვარელი საქმე იყო, ჩემი სათამაშო. ამიტომაც ავაწყვე ასეთი კარიერა. ასე მგონია...

 

ისურვებდით სხვანაირ მენტალიტეტს? მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუს მსგავს საქმისადმი მიდგომას.

 

არა, მაშინ ეს მე არ ვიქნებოდი. მატჩის შემდეგ ერთი საათი ყინულიან აბაზანაში - არანაირად, თავი დამანებეთ. მინდა, მეგობრებთან დრო კარგად გავატარო, სახლში წავიდე, კარტი ვითამაშო, ლუდი დავლიო. ბავშვებთან ბაღში ორ-ორი საათი ვთამაშობდი ხოლმე და ჩემი რეაბილიტაციაც ეგ იყო.

 

პროფესიონალური ფეხბურთის მოთხოვნებს როგორ უდგებოდით?

 

როცა კარგი ხარ, მოედანზე ყველაფერს აკეთებ, რაც გინდა. მე ყოველთვის ამ პრინციპით ვიწყებდი. 

 

ყოველ მესამე დღეს დარბაზში არ დავდიოდი, არც ფიზიოთერაპიაზე ვხარჯავდი სამ საათს, მაგრამ მოედანზე სხვაობას ვქმნიდი. ფეხბურთელისგან კი სწორედ ეს არის საჭირო.

 

 

რეალში ჭარბი წონით გამოცხადება...

 

ჩელსისთან ერთად, კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი დავამთავრე და ჩემს თავს ვუთხარი: „ახლა რეალში ვარ, ალბათ ეს ჩემი ბოლო შვებულებაა, რომელშიც შემიძლია თავს მეტის უფლება მივცე“ და მოვიქეცი ისე, როგორც ყოველ ზაფხულს ვიქცეოდი. შვიდი წელი ინგლისში, შობაზეც კი ვერ ვისვენებდი, ამიტომ საზაფხულო 3-4 კვირა ვერაფერს მავნებს-თქო. 

 

ბარბექიუ, ვარდისფერი ღვინო... ეს ყველაფერი მაძლევდა ძალას ახლიდან დამეწყო და სწორი მოტივაცია მქონოდა. რეალში კი თავიდანვე ვერ ამეწყო.

 

ამბობენ, ზარმაცი ადამიანი ვარ. მაგრამ 16-წლიან კარიერას ვარჯიშის გარეშე არ ჩაუვლია. თამაშები, ვარჯიშები, მეც იქ ვიყავი...

 

მართალია, ზოგჯერ დილის ვარჯიშებზე გამოუძინებელიც მივდიოდი, უმოტივაციოც და როცა ასე იყო, ამას ვაჩვენებდი კიდეც: „არ მომცეთ ბურთი, ახლა ერთ მეტრსაც ვერ გადავდგამ.“

 

რეალთან დამშვიდობება

 

გული მწყდება, რომ ასე დამთავრდა. იდეალური დამშვიდობება იქნებოდა ჰეთ-ტრიკი და ჩაო. ლილში კარგად დასრულდა, ჩელსიში კიდევ უფრო უკეთესად. ვიცოდი, რომ ყველაფერი მთავრდებოდა და მოედანზე შესვლაც კი არ მოვინდომე.

 

იქნებ, ხალხს დაესტვინა? იცი რა, მოდი ჯობია სკამზე დავრჩე. ასე მირჩევნია.“

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.