Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/2 ფინალისტები გაირკვნენ.
პირველ დაპირისპირებაში ფინალისტის ვინაობას ნოვაკ ჯოკოვიჩი და იანიკ სინერი გაარკვევენ.
სერბმა 1/4 ფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცი 3-1 დაამარცხა, იტალიელმა კი ანდრეი რუბლევს სძლია 3 სეტში.
ჯოკოვიჩი მოქმედი ჩემპიონია და ამ გრანდ სლემის 1/2 ფინალში უკვე მეთერთმეტედ იმყოფება, წინა 10 შემთხვევაში ნოვაკი ჩემპიონი გახდა. მან ამ ეტაპზე მოსვლამდე პრიზმიჩი, პოპირინი, ეჩევერი, მანარინო და ფრიცი ჩამოიშორა.
სინერი კი მიმდინარე გათამაშებაში სეტის წაუგებლად თამაშობს. 22 წლის მოთამაშემ ვან დე ზანდშულპი, დე იონგი, ბაესი, ხაჩანოვი და რუბლევი 3-0 დაამარცხა.
სერბი და იტალიელი აქამდე 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, უპირატესობა კი ჯოკოვიჩის მხარესაა, მან მეტოქის დამარცხება 5-ჯერ შეძლო, მათი ბოლო მატჩი დევისის თასზე კი სინერის გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
მეორე ფინალისტი დანილ მედვედევსა და ალექსანდერ ზვერევს შორის გამოვლინდება.
რუსმა ჩოგბურთელმა 5-სეტიან ბრძოლაში პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი დაამარცხა, გერმანელმა კი კარლოს ალკარასს აჯობა 4 სეტში.
მედვედევმა ჰურკაჩთან ერთად გზად ატმანი, რუუსუვუორი, ოჟე-ალიასიმი და ბორჟესი გაიარა, ზვერევმა კი ალკარასამდე კოპფერს, კლეინს, მიკელსენსა და ნორის სძლია.
პირველი წყვილისგან განსხვავებით ამ დაპირისპირებას უფრო დიდი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს 2016 წლიდან იღებს.
მოთამაშეები ერთმანეთს სულ 18-ჯერ შეხვდნენ, 11-ჯერ გამარჯვებული მედვედევი გამოვიდა, 7-ჯერ კი ზვერევი. ბოლო მატჩი 2023 წლის შემაჯამებელ ტურნირზე რუსის გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
რაც შეეხება კონკრეტულად ჰარდის საფარს, აქ საერთო ანგარიში 4-4 არის.
1/2 ფინალური მატჩები 26 იანვარს გაიმართება, ფინალი კი 28 იანვარს.
კომენტარები
20 საათის წინ
20 საათის წინ
2 დღის წინ
8 დღის წინ