შესვლა

burger

არველაძე: "საბერძნეთთან მატჩი ჩვენთვის ისტორიული იქნება"

ფონტის ზომა
TT

შოთა არველაძემ ბერძნულ SDNA-სთან საქართველოსა და საბერძნეთის საფინალო მატჩის შესახებ ისაუბრა.

 

"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საქართველოში მივფრინავ, რათა ფინალს დავესწრო, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე თქვენთვისაც."

 

"ვუყურე საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩს. დიდებული თამაში იყო ბერძნების მხრიდან, ასევე იყო საქართველოს შემთხვევაშიც. კარგი მატჩი ვითამაშეთ და ლუქსემბურგს 2-0 მოვუგეთ, ახლა კი ევროპის ჩემპიონატის მონაწილის ბედი ამ დიდ დაპირისპირებაში გადაწყდება."

 

"ვფიქრობ, კარგი თავდამსხმელები, ფლანგელები, ნახევარმცველები გვყავს და მცველები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ. მეკარეც ბრწყინვალეა. ბოლო 5-6 წელიწადია კარგად ვთამაშობთ, განსაკუთრებით ერთა ლიგაზე. უკვე მეორედ ვიბრძვით ევროზე გასასვლელად. გემახსოვრებათ, როგორ ახლოს ვიყავით 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მიზანთან."

 

"თუ ორივე გუნდის ხარისხს შევხედავთ, ამ მატჩს ფავორიტი არ ჰყავს. ორივე მხარეს ჰყავს მოთამაშეები, რომელთაც თამაშის გადაწყვეტა ერთი შეხებით შეუძლიათ."

 

"თქვენ ძალიან კარგად თამაშობთ, ისევე როგორც ჩვენ. თუ ვინმე სტატისტიკას შეხედავს, ნახავს, რომ საბერძნეთი არასდროს დაგვიმარცხებია. ჩემს დროს ბერძნების წინააღმდეგ რთული პერიოდი გვქონდა, რაც დიდხანს გაგრძელდა, 9 მატჩში 7-ჯერ დავმარცხდით."

 

 

"მაგრამ ის ფაქტი, რომ შეხვედრას სახლში გავმართავთ, მეტ ენერგიას გვაძლევს. ბიჭები კარგ ფორმაში არიან, თავის გუნდებში თამაშობენ და გოლები გააქვთ. კარგ თამაშს ველოდები."

 

"საბერძნეთი უნდა დავამარცხოთ, რომ წინ წავიდეთ და ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე მივიღოთ მონაწილეობა, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ეს მატჩი ჩვენთვის ისტორიული იქნება."

 

"ჩვენ ისეთი მოთამაშეები გვყავს, როგორიცაა კვარაცხელია, რომელიც ნებისმიერ ევროპულ გუნდში ითამაშებდა."

 

"გვყავს ძალიან კარგი მეკარე (მამარდაშვილი), რომელიც ესპანეთში (ვალენსია) თამაშობს და ყველა ბურთს იღებს, მას მატჩის შედეგის შეცვლა შეუძლია."

 

"პელკასთან ერთად ჰალში, კურბელისთან კი ქარაგიუმრიუქში ვიმუშავე. ისინი ძალიან კარგი მოთამაშეები არიან. ასევე ვიცი ყველა ბერძენი, ვისაც ტრაბზონსპორში უთამაშია, მაგალითად ბაკასეტასი, რომელიც ფანტასტიკური ფეხბურთელია. ინგლისში მოთამაშეებიც (ციმიკასი, მავროპანოსი, ბალდოკი, ვლახოდიმოსი) დიდებული ფეხბურთელები არიან და ვიცით, რომ საბერძნეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს." - განაცხადა არველაძემ ბერძნულ გამოცემასთან.

 

26 მარტს დინამო არენაზე საქართველო საბერძნეთს უმასპინძლებს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეეცდება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.